Sunday, April 29, 2012

ამბავი ყვავილებსა და ცხენის წაბლზე


ხომ ვამბობ, როცა უსაქმური ხარ, ამინდზე იწყებ ფიქრს მეთქი. როცა რომანტიკა შემოგიტევს - ყვავილებს კრეფ გზაზე. თუმცა ყვავილები სულ მიყვარს და სულ მრცხვენია ცოტა, მაგარი ხასიათის გოგოები ხომ ფემინისტურად აცხადებენ: ყვავილები არა ისა, ვერ ვიტან და ასე შემდეგ. დიდი სინაზით მგონი არც მე გამოვირჩევი. რაღაც მგრძნობიარე მომენტები კი მაქვს ისე. მძაფრ ფილმებს ხანდახან ვერ ვუყურებ და როცა ვინმესვინმე ახლობელი უკვდება, მეტირება. სხვა მხრივ, უფრო გაწონასწორებული ვარ, სავარაუდოდ.


მოვდივარ მოკლედ და ვხედავ ამ უზარმაზარ ხეს, ულამაზესი ყვავილებით. ერთი ცალი ფაქტიურად, მთელი თაიგულია. შეუმჩნეველ ადგილას იდგა და იმიტომ გადარჩა ეტყობა. სამი ცალი მოვწყვიტე და წამოვიღე. ორ ნაბიჯზე ქართული ზამბახების მთელი წყება იყო. იასამნისფერი. თაფლის სურნელი აქვს, სასწაული, გემრიელი. ეგეც - შუაში და ჩემს ბუკეტს მთელი სამეზობლო ლამის ოვაციებით დახვდა. 



ეს ხე რა იყო მაინც ვერ გავიგე. რამე საშიში არ იყოს -მეთქი ვიფიქრე, არც სხვებმა არ იცოდნენ,  და სახლში დაბრუნებულს დედა  ძალიან კმაყოფილებით შემხვდა - რა ლამაზია! ცხენისწაბლა!


მერე წარმოვიდგინე, როგორ იქცევა ეს ყვავილები წაბლისმაგვარ ნაყოფად და როგორ ჭამს მათ ცხენი. 
ოღონდ, მართლა ჭამს თუ არა, ეგ ვერ გავიგე.


პ.ს. ჩემს ნაწერებს რომ ვკითხულობ, სულ მეუცხოება მერე. არ ვიცი, რატომ. ძალიან მშვიდი და წყნარი ჩანს. მე კი ისეთი ბობოქარი ვარ ხოლმე. ან შეიძლება წყნარი და მშვიდიც ვარ, რა ვიცი. როცა მეცოდინება, გეტყვით. რა გაუგებარი ეგაა, მაგრამ მაინც.