Thursday, May 31, 2012

ინსპირატორები


ინსპირატორები და შთა. 

შთაგონებას ვგულისხმობ. თანამედროვე სვეწკურ ლაპარაკში ინსპირაციად მოიხსენიებენ. ეგ კი არა, ფბ-ზე ჩემს ერთ ალბომს inspirations დავარქვი. სულ გამოვინსპირირდით, მოკლედ. არადა, არსებობს ასეთი მშვენიერი სიტყვა - შთაგონება.

ინსპირაცია აღფრთოვანებასაც ნიშნავს. ჩემი ინსპირატორები, ძირითადად, ადამიანები არიან ხოლმე. პოსტების სერიის დაწერის იდეაც კი მქონდა, სათაურით: ადამიანები, რომლებიც აღმაფრთოვანებენ. მაინსპირირებენ, ანუ. შთაგონება კარგ რაღაცეებს ქმნის: განწყობას, მუსიკას, ნახატს, ქმედებას. დადებითს, გამორჩეულს.

მე, ძირითადად, განწყობა მექმნება ხოლმე და ბევრი კარგი, ფერადი, მაგარი, ახალი, აქამდე უფიქრი, აღმაფრთოვანებელი, სახალისო იდეა მომდის თავში. სულაც, რეჟისორი მინდა ვიყო და მაგარი რაღაცეები გადავიღო.

ვიცი, ოდესმე აუცილებლად ავიღებ ხელში კამერას და ძალიან საინტერესო რაღაცეებს გადავიღებ.

ეხლავეც გადავიღებდი, ბევრი საინტერესო პასაჟი და ადამიანი მახსენდება. ყოფილა, მიფიქრია - აი, ეს, ფილმში, პერსონაჟი, ახლო ხედით, თმის ფერი, თვალები, ტუჩები-და-კბილები, ტიპაჟი, სიცილი, ლაპარაკი, უბრალოდ, ერთი შემოხედვა და მთელ ფილმს რომ გასდევს ეგეთი პერსონაჟი. გადავიღებდი ისეთ ფილმებს, ინტელექტუალები რომ სიამოვნებით უყურებენ და გოიმებსაც რომ, რატომღაც, ესმით, და ისეთი გოიმები აღარ არიან მერე.

ცოტა ხნის წინ თი-ბი-სი ბანკმა ფილმების გადასაღებად კონკურსი გამოაცხადა. მე უნივერსიტეტს ვამთავრებ და სამართლის მაგისტრი უნდა გავხდე. თემა მქონდა დასაწერი. არაფერი გადამიღია, და ზუსტად ვიცი, მაინც შევძლებდი მათ დარწმუნებას, რომ მე უნდა ვიყო ერთ-ერთი მინი-ფილმის რეჟისორი. არ მეცალა და ვიფიქრე, ვიფიქრე.. ვადას გადავაცილე და ''უი, დამაგვიანდა''-მეთქი, თავი დავიმშიდე.

მერე, ვიდექი და თითებს ვღეჭავდი, გამარჯვებულები რომ გამოაცხადეს.

მე ძალიან მიყვარს იურიდიული, და ჯერ ამ საქმეს მოვაწესრიგებ. მერე ფილმებს გადავიღებ. ერთადერთი, რაც მჭირდება, კარგი, ძალიან კარგი კამერაა. ჰოდა, აი, როცა ვიმუშავებ როგორც იურისტი, მექნება კარგი ხელფასი და ვიყიდი კამერას. და მერე ფილმებს გადავიღებ.

გული ნუ გიჩუყდება. რომანტიკულ ოცნებებს კი არ ვყვები. სრულიად ლოგიკური გეგმაა. დრო გამოინახება, შენ არ იდარდო.


აქ იყო ვიდეო, როგორ ყიდულობს ბიჭი კოკა-კოლის ქილებს რომ ზედ შედგეს და მიწვდეს აპარატის ზედა ღილაკს პეპსის საყიდლად. :)) 


Sunday, April 29, 2012

ამბავი ყვავილებსა და ცხენის წაბლზე


ხომ ვამბობ, როცა უსაქმური ხარ, ამინდზე იწყებ ფიქრს მეთქი. როცა რომანტიკა შემოგიტევს - ყვავილებს კრეფ გზაზე. თუმცა ყვავილები სულ მიყვარს და სულ მრცხვენია ცოტა, მაგარი ხასიათის გოგოები ხომ ფემინისტურად აცხადებენ: ყვავილები არა ისა, ვერ ვიტან და ასე შემდეგ. დიდი სინაზით მგონი არც მე გამოვირჩევი. რაღაც მგრძნობიარე მომენტები კი მაქვს ისე. მძაფრ ფილმებს ხანდახან ვერ ვუყურებ და როცა ვინმესვინმე ახლობელი უკვდება, მეტირება. სხვა მხრივ, უფრო გაწონასწორებული ვარ, სავარაუდოდ.


მოვდივარ მოკლედ და ვხედავ ამ უზარმაზარ ხეს, ულამაზესი ყვავილებით. ერთი ცალი ფაქტიურად, მთელი თაიგულია. შეუმჩნეველ ადგილას იდგა და იმიტომ გადარჩა ეტყობა. სამი ცალი მოვწყვიტე და წამოვიღე. ორ ნაბიჯზე ქართული ზამბახების მთელი წყება იყო. იასამნისფერი. თაფლის სურნელი აქვს, სასწაული, გემრიელი. ეგეც - შუაში და ჩემს ბუკეტს მთელი სამეზობლო ლამის ოვაციებით დახვდა. 



ეს ხე რა იყო მაინც ვერ გავიგე. რამე საშიში არ იყოს -მეთქი ვიფიქრე, არც სხვებმა არ იცოდნენ,  და სახლში დაბრუნებულს დედა  ძალიან კმაყოფილებით შემხვდა - რა ლამაზია! ცხენისწაბლა!


მერე წარმოვიდგინე, როგორ იქცევა ეს ყვავილები წაბლისმაგვარ ნაყოფად და როგორ ჭამს მათ ცხენი. 
ოღონდ, მართლა ჭამს თუ არა, ეგ ვერ გავიგე.


პ.ს. ჩემს ნაწერებს რომ ვკითხულობ, სულ მეუცხოება მერე. არ ვიცი, რატომ. ძალიან მშვიდი და წყნარი ჩანს. მე კი ისეთი ბობოქარი ვარ ხოლმე. ან შეიძლება წყნარი და მშვიდიც ვარ, რა ვიცი. როცა მეცოდინება, გეტყვით. რა გაუგებარი ეგაა, მაგრამ მაინც.