Thursday, March 21, 2013

მწვანე პალმის ხალისიანი თავგადასავალი მზისფერ ჩრდილოეთში




კუს ტბიდან მოჩანს ეიფელის კოშკი.
ან ასე: კუს ტბიდან, საღამოს, ღია კაფედან მოჩანს თბილისის მანათობელი ციმციმა ანძა.

და თბილისის ანძა რომ ჯობია ეიფელს, ეს ხომ ჟანეტმაც იცის და თუ გნებავთ, თქვენც დაიჯერეთ.

ფისოზე მინდა მოვყვე. ვგიჟდები ფისოებზე. და ეს განსაკუთრებულად საყვარელი იყო. აი, ახლოს მოვიდა და პიცის ნაჭერი მოვუციცქნე (ოჰ. პიცა. ჰიტია და ვამარიაჟებ. ისე, კაი პიცა იყო მართლა) და იმის მერეეე. იისე მომისკუპდა. დაყუნცულდა ჩემს წინ, დაჯდა და ზის საყვარლად. ფისო ფისო. ჭრელი, ვეფხვისფერი. მერე დასეირნობდა. აქეთ იქით. მუხლებზეც დავისვამდი, მაგრამ მერე პიცას ვეღარ მივირთმევდი და მერე წავიდა სადღაც. ისეთი კარგი და ჭკვიანი კატა იყო, გეგონება ვიღაცამ შინაურულად გაწვრთნაო. თვინიერი და კუსკუსა. მხიარულიც და მოქნილიც. გადასარევად დაცუნცულებდა იმ ღია ტერასაზე.

არ გამომდის ბოლო დროს იმაზე არფიქრი, მკითხველი რას იფიქრებს. რაღაც მოხდა. კარგია. ან არც.
ეგ ვერ მოვიფიქრე.
ყველაზე საინტერესო ხომ საკუთარ თავში გარკვევაა. 

Thursday, May 31, 2012

ინსპირატორები


ინსპირატორები და შთა. 

შთაგონებას ვგულისხმობ. თანამედროვე სვეწკურ ლაპარაკში ინსპირაციად მოიხსენიებენ. ეგ კი არა, ფბ-ზე ჩემს ერთ ალბომს inspirations დავარქვი. სულ გამოვინსპირირდით, მოკლედ. არადა, არსებობს ასეთი მშვენიერი სიტყვა - შთაგონება.

ინსპირაცია აღფრთოვანებასაც ნიშნავს. ჩემი ინსპირატორები, ძირითადად, ადამიანები არიან ხოლმე. პოსტების სერიის დაწერის იდეაც კი მქონდა, სათაურით: ადამიანები, რომლებიც აღმაფრთოვანებენ. მაინსპირირებენ, ანუ. შთაგონება კარგ რაღაცეებს ქმნის: განწყობას, მუსიკას, ნახატს, ქმედებას. დადებითს, გამორჩეულს.

მე, ძირითადად, განწყობა მექმნება ხოლმე და ბევრი კარგი, ფერადი, მაგარი, ახალი, აქამდე უფიქრი, აღმაფრთოვანებელი, სახალისო იდეა მომდის თავში. სულაც, რეჟისორი მინდა ვიყო და მაგარი რაღაცეები გადავიღო.

ვიცი, ოდესმე აუცილებლად ავიღებ ხელში კამერას და ძალიან საინტერესო რაღაცეებს გადავიღებ.

ეხლავეც გადავიღებდი, ბევრი საინტერესო პასაჟი და ადამიანი მახსენდება. ყოფილა, მიფიქრია - აი, ეს, ფილმში, პერსონაჟი, ახლო ხედით, თმის ფერი, თვალები, ტუჩები-და-კბილები, ტიპაჟი, სიცილი, ლაპარაკი, უბრალოდ, ერთი შემოხედვა და მთელ ფილმს რომ გასდევს ეგეთი პერსონაჟი. გადავიღებდი ისეთ ფილმებს, ინტელექტუალები რომ სიამოვნებით უყურებენ და გოიმებსაც რომ, რატომღაც, ესმით, და ისეთი გოიმები აღარ არიან მერე.

ცოტა ხნის წინ თი-ბი-სი ბანკმა ფილმების გადასაღებად კონკურსი გამოაცხადა. მე უნივერსიტეტს ვამთავრებ და სამართლის მაგისტრი უნდა გავხდე. თემა მქონდა დასაწერი. არაფერი გადამიღია, და ზუსტად ვიცი, მაინც შევძლებდი მათ დარწმუნებას, რომ მე უნდა ვიყო ერთ-ერთი მინი-ფილმის რეჟისორი. არ მეცალა და ვიფიქრე, ვიფიქრე.. ვადას გადავაცილე და ''უი, დამაგვიანდა''-მეთქი, თავი დავიმშიდე.

მერე, ვიდექი და თითებს ვღეჭავდი, გამარჯვებულები რომ გამოაცხადეს.

მე ძალიან მიყვარს იურიდიული, და ჯერ ამ საქმეს მოვაწესრიგებ. მერე ფილმებს გადავიღებ. ერთადერთი, რაც მჭირდება, კარგი, ძალიან კარგი კამერაა. ჰოდა, აი, როცა ვიმუშავებ როგორც იურისტი, მექნება კარგი ხელფასი და ვიყიდი კამერას. და მერე ფილმებს გადავიღებ.

გული ნუ გიჩუყდება. რომანტიკულ ოცნებებს კი არ ვყვები. სრულიად ლოგიკური გეგმაა. დრო გამოინახება, შენ არ იდარდო.


აქ იყო ვიდეო, როგორ ყიდულობს ბიჭი კოკა-კოლის ქილებს რომ ზედ შედგეს და მიწვდეს აპარატის ზედა ღილაკს პეპსის საყიდლად. :)) 


Sunday, April 29, 2012

ამბავი ყვავილებსა და ცხენის წაბლზე


ხომ ვამბობ, როცა უსაქმური ხარ, ამინდზე იწყებ ფიქრს მეთქი. როცა რომანტიკა შემოგიტევს - ყვავილებს კრეფ გზაზე. თუმცა ყვავილები სულ მიყვარს და სულ მრცხვენია ცოტა, მაგარი ხასიათის გოგოები ხომ ფემინისტურად აცხადებენ: ყვავილები არა ისა, ვერ ვიტან და ასე შემდეგ. დიდი სინაზით მგონი არც მე გამოვირჩევი. რაღაც მგრძნობიარე მომენტები კი მაქვს ისე. მძაფრ ფილმებს ხანდახან ვერ ვუყურებ და როცა ვინმესვინმე ახლობელი უკვდება, მეტირება. სხვა მხრივ, უფრო გაწონასწორებული ვარ, სავარაუდოდ.


მოვდივარ მოკლედ და ვხედავ ამ უზარმაზარ ხეს, ულამაზესი ყვავილებით. ერთი ცალი ფაქტიურად, მთელი თაიგულია. შეუმჩნეველ ადგილას იდგა და იმიტომ გადარჩა ეტყობა. სამი ცალი მოვწყვიტე და წამოვიღე. ორ ნაბიჯზე ქართული ზამბახების მთელი წყება იყო. იასამნისფერი. თაფლის სურნელი აქვს, სასწაული, გემრიელი. ეგეც - შუაში და ჩემს ბუკეტს მთელი სამეზობლო ლამის ოვაციებით დახვდა. 



ეს ხე რა იყო მაინც ვერ გავიგე. რამე საშიში არ იყოს -მეთქი ვიფიქრე, არც სხვებმა არ იცოდნენ,  და სახლში დაბრუნებულს დედა  ძალიან კმაყოფილებით შემხვდა - რა ლამაზია! ცხენისწაბლა!


მერე წარმოვიდგინე, როგორ იქცევა ეს ყვავილები წაბლისმაგვარ ნაყოფად და როგორ ჭამს მათ ცხენი. 
ოღონდ, მართლა ჭამს თუ არა, ეგ ვერ გავიგე.


პ.ს. ჩემს ნაწერებს რომ ვკითხულობ, სულ მეუცხოება მერე. არ ვიცი, რატომ. ძალიან მშვიდი და წყნარი ჩანს. მე კი ისეთი ბობოქარი ვარ ხოლმე. ან შეიძლება წყნარი და მშვიდიც ვარ, რა ვიცი. როცა მეცოდინება, გეტყვით. რა გაუგებარი ეგაა, მაგრამ მაინც.

Sunday, December 11, 2011

იური-დიული



იური ჩემი შეყვარებულია. ცოტა ხნის წინ გავიცანი. 

ვგიჟდები იურიდიულზე, სამართალზე, კანონებზე, კოდექსებზე, სამართლებრივ ლიტერატურაზე, ტერმინებზე, თავს ისე ვგრძნობ როგორც თევზი წყალში.


მასზე ბევი არაფერი ვიცი, უფრო სწორად, მგონია რომ ყველაფერი ვიცი, უბრალოდ, ჯერ  ოთახებში არ შემიხედავს. დავდივარ დერეფანში და აღტაცებული ვათვალიერებ მკაცრსახიან სურათებს - კანონებს.


არადა, თქვენ გგონიათ, ''კანონები'' მოსაწყენია?
მე, როგორც ჟურნალისტი, ვაცხადებ: სამართალი ძალიან საინტერესოა! უფრო აზარტული, ვიდრე ჟურნალისტიკა. და უფრო მიუწვდომელი, ვიდრე ჟურნალისტიკა. ჟურნალისტი ხელოვანია, რომელიც თავის ემოციებს საზოგადოებრივ ენაზე თარგმნის. იურისტი - აზარტული მოთამაშეა, რომელიც ან წყნარად ზის კაბინეტში, ან მნიშვნელოვან საკითხებს წყვეტს. 


და ორივე მათგანი ძალიან, ძალიან ტკბება საკუთარი შემოქმედებით!
ალბათ, ამიტომ აღმოაჩენთ ბევრ ხელოვანს - როგორ ჟურნალისტებში, ისე - იურისტებში. მათ ცხოვრებით და საქმით ტკბობა უყვართ. 


მე კი, იდეაში, მინდოდა ამეღწერა რა რთულია ჟურნალისტი გოგოსთვის რეფერატების წერა და იურიდიულ თემებზე მუშაობა და რომ ვღელავ და ასე შემდეგ, და თურმე, სულ სხვა აზრები გამოვიდა საბოლოოდ.


I LOVE, იუ! :)

Monday, November 14, 2011

ფერადი ბუშტები, მფრინავი სახლი და აინშტაინი


აინშტაინი ფიქრობდა, რომ გრავიტაცია სამყაროს გამრუდების შედეგია.


მიყვარს დილა-ადრიანი.
არაფერია ისეთი მაგარი, როგორც დილით ადრე ადგომა.

დღეს ბევრი დრო არ მაქვს და ვერაფერსაც ვერ მოგიყვებით. სასწავლი, საწერი, დასაგეგმი... როგორ მიყვარს, როცა ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და როგორ არ მიყვარს, როცა ღამით არ მეძინება, თვალებდაჭყეტილი ვწევარ და რაღაც სისულელეებზე ვფიქრობ, საინტერესოზე, უინტერესოზე, გეგმებზე, წარსულზე, მომავალზე, მხიარულ ამბებზე, ადამიანებზე, ცეკვაზე, ვარჯიშზე.

ღამით დაძინების მაგივრად მეღვიძება. გაგიჟდება კაცი. სასაცილოა ისე, ნახევარი მსოფლიო ღამეებს ათენებს. არა, რა ნახევარი, 80-90% ალბათ. იშვიათი ნაწილი კი ადამიანურად იძინებს 10-ზე, 11-ზე, 12-ზე..

მოკლედ, ამას შევეშვათ. სულ სხვა რაღაცების დაწერა მინდოდა ამასწინათ. ალბათ, წინასწარ ვერ დაგეგმავ, აქ რა მოგეკლავიატურება. ეხლა წავედი, და ფეშქაშად ამ სიმღერას გიტოვებთ.

თბილი ზამთარი, ყავა, თბილი ჯემპრი.
ამ კვირაში კიდევ დავწერ ერთ პოსტს, ეხლა რაც გებაასეთ ეს ისე, ორშაბათის მოსალმება, ყავასთან მისაყოლებლად.

იუ თიუბ

Sunday, September 25, 2011

ენზიმები

კვირაობით ახალ პოსტს ვწერ ხოლმე. 
მინდა, რამე საინტერესოსა და ოდნავ ღირებულზე ვწერო.
ჩემი მეგობრები მეუბნებიან რომ ცოტა არ იყოს და, ფილოსოფოსი ვარ და კარგი იქნება, ასე ფილოსოფიურად თუ დავწერ.
მგონი, არ ღირს. იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მე ძალიან, ძალიან მომინდება ჩემი ნააზრევი ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს და ასე რომ არ მოხდეს, ნერვები მომეშლება. და მინდა ნერვების მოშლა?! :)

კვირა კარგი დღეა. 
თუმცა ეხლა ცოტა მოწყენილი ვარ და ვერაფერს ოპტიმისტურს ვერ დავწერ.
ჩემს მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ნათესავებს, თანამშრომლებს და ნაცნობებს სჯერათ რომ მე ყველაზე მხიარული და უდარდელი, ცოტა არასერიოზული გოგო ვარ. რატომღაც - ამ ყველაფერთან ერთად - ჭკვიანი.
არადა, მე მინდა ჩუმად ვიყო ხოლმე და წყნარად მიავდევნო თვალი მოვლენებს ჩემს გარშემო.  
სამწუხაროდ, ფრიად სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობა ცოტათი სულელი და ცოტათი მოზერელოა. ეს კი იმის ბრალია, რომ სამყაროს შემეცნებაზე არ ფიქრობენ და რაც ყველაზე ცუდია, ამის სურვილი არათუ არ აქვთ, აზრადაც არ მოსვლიათ.

მე კი, ხანდახან, ძალიან მიჭირს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებსაც სიღრმეებში წვდომა არ შეუძლიათ. გარშემო კი უმრავლესობა ასეთია. 
არ არის აუცილებელი ჭკვიანი იყო, მთავარია, შემეცნების სურვილი გქონდეს. მაშინ უკვე ნამდვილი ადამიანი ხარ.



ეს დღეები ძილის წინ თავში ერთი სიტყვა დამიხტოდა. ბოლოს ავდექი და ენციკლოპედიაში მოვძებნე : 
 ენზიმები - მოლეკულები, რომლებიც ცოცხალ სისტემებში ქიმიურ რეაქციებს აჩქარებენ.

Sunday, September 18, 2011

GEORGIA on my mind - საქართველო


ჩემი თითქმის პირველი  პოსტი უცნაურია და, საქართველოზეა. მე და შეიძლება თქვენც გეგონათ რომ პირად ამბებს მოგიყვებოდით, მაგალითად, რაზე მეცინებოდა კაფეში წინა დღეს და რატომ არ უნდა შემემჩნია; ან ჩემი რომელი მეგობარი უყურებდა რაგბის ამ დილით და ნეტავ რატომ წავაგეთ ინგლისთან, ვიშვიშ.
მე დღეს საქართველოზე გიამბობთ.

საქართველო
ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე.  
აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების მაკავშირებელი რგოლი. 
ადგილი, საიდანაც დაიწყო ევროპა. 
ჩრდილოეთ განედის 41-43 და აღმოსავლეთ გრძედის 40----- 46 გრადუსებს შორის.
სუბტროპიკულიდან ზომიერ სარტყელში გადამავალ კლიმატურ ზონაში.
ფართობი - 70 000 - სამოცდაათი ათასი კვადრატული კილომეტრი.
ყველაზე მაღალი მწვერვალი - შხარა, 5 000 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან, სვანეთში.
ყველაზე დაბალი წერტილი - შავი ზღვა - 0 მეტრზე, ზუსტად ზღვის დონეზე :)) 
ყველაზე გრძელი მდინარე - მტკვარი -  მთლიანი 1 500-ათას ხუთასიდან - 400 - ოთხასი კილომეტრი.
საქართველოს მესამედი ტყეებია.


მოსაზღვრე ქვეყნები: რუსეთი - რომელთანაც ყოფს კავკასიონი, სომხეთი და თურქეთი; აზერბაიჯანი - სულ 1 500- ათას ხუთასი კილომეტრი, და  დასავლეთით - ზღვა - 300 -  სამასი კილომეტრი
მეზობელი ქვეყნები - შავი ზღვის ნაპირებიდან :თურქეთისა და რუსეთის გარდა -  უკრაინა, რუმინეთი და ბულგარეთი.


მთავარი მდინარე - მტკვარი
სიგრძე 1 500- ათას ხუთასი კილომეტრი.  საქართველოში გადის მისი 500-ხუთას კილომეტრიანი მონაკვეთი.
იწყება  თურქეთში, გაივლის აღმოსავლეთ საქართველოს და აზერბაიჯანში ჩაედინება კასპიის ზღვაში.
 მასზე 4 - ოთხი მთავარი ჰიდრო ელექტრო სადგურია აშენებული - ზაჰესი, ორიც - ორთაჭალასა და მინგეჩაურში, და ერთიც - ჩითახევჰესი. ალბათ, ჩითაში :))
უერთდება  არაგვი, ალაზანი, იორი და სხვა მდინარეები.



მთლიანად ქართული - მთავარი მდინარე რიონი
სიგრძე 300-სამასი კილომეტრი.
იწყება  კავკასიონზე, გაივლის დასავლეთ საქართველოს და ფოთში - შავ ზღვაში ჩაედინება.ღირს ეს ადგილი ნახვად.
რიონსაც ბევრი შენაკადი მდინარე უერთდება, მათ შორის   ცხენისწყალი, ტეხური, ყვირილა.
ერთი სიტყვით, დასავლური მდინარეა.


საქართველოს ადმინისტრაციული რეგიონები მოიცავს
აფხაზეთს -აჭარას -გურიას-იმერეთს-კახეთს-მცხეთა-მთიანეთს (ო, რამდენი საყვარელი მთიანეთია აქ)-რაჭა-ლეჩხუმს, გაერთიანებულს ქვემო სვანეთთან-სამეგრელოს,-ზემო-სვანეთთან გაერთიანებულს - ასე ტერიტორიულად ხელსაყრელად სამართავია, ქვემო ქართლს
შიდა ქართლს, და სამცხე-ჯავახეთს
ამ მხარეებში ბევრი, ძალიან ბევრი საყვარელი, ულამაზესი, უძველესი, უმშვენიერესი ადგილი შედის.


ეხლა წავედი, ვახშამი მელოდება, მე კი მოგზაურობა მომინდა ამ გემრიელი (ამ წუთას ასე აღვიქვამ :)) ადგილების სანახავად.
როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა, - სრულიად არაქართულად, - არივერდერჩი!
ან, ქართულად -
დ ღ ე --- მ შ ვ ი დ ო ბ ი ს ა!